ძიება ვებ გვერდზე

ჭადრაკი - დიდგორის ბრძოლა

შიფრი : 311503-1
 
ნახვები : 10301
21900₾
მახასიათებლებიმეტალი თითბერი | ქვა საფირონი | 1 ც | 0.09 კტ. | მრგვალი ლალი | 1 ც | 0.09 კტ. | მრგვალი ზურმუხტი | 4 ც | 0.29 კტ. | ოთხკუთხედი ფირუზი | 1 ც | 0.12 კტ. | კაბოშონიდამატებითი მასალები მინანქარი | მოოქროვილი (24K)

ზარაფხანა სიამაყით წარმოგიდგენთ უბადლო ოსტატობით დამზადებულ ჭადრაკს, რომელიც დიდგორის ბრძოლის ბრწყინვალე გამარჯვებიდან 900 წლისთავის აღსანიშნავად შეიქმნა. ამ იდეაზე მუშაობა ჩვენი გუნდისთვის, ერთდროულად, დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო, რადგან ორიგინალური ვიზუალის შემუშავებასთან ერთად, ბრძოლის მასშტაბურობა უნდა გადმოგვეცა.

1121 წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ველზე წყდება არა მარტო ქართული სახელმწიფოს, არამედ ქრისტიანული სამყაროს ბედი. ჭადრაკის დაფაზე ამოტვიფრულია ბორჯღალი, თავისუფლებისა და მარადიულობის სიმბოლო. 24 კარატიან ოქროში ამოვლებული თითბერის ფიგურები კი ქართულ ჯარსა და მის მოწინააღმდეგე თურქ-სელჩუკთა არმიას განასახიერებს. მხარეთა განსხვავებულობას ხაზს უსვამს მინანქრის კონტრასტულ ფერთა კომბინაცია, ხოლო მეფისა და ლაზიერის ფიგურები ძვირფასი ქვებით გახლავთ შემკული. დაფაზე, სადაც ისტორია და ზარაფხანას კრეატიული ხედვა ერწყმის ერთმანეთს, განსაკუთრებულ სიმტკიცეს მეფე დავით IV და სულთან აჰმად სანჯარი გამოხატავს. სწორედ სულთნის ბრძანებით გამოემართა მუსლიმთა კოალიციური ლაშქარი საქართველოსკენ, მაგრამ დავით აღმაშენებლის სამხედრო ნიჭის დამსახურებით, ქართული მხარე მტერს სამაგალითო მზაობით დაუხვდა. საგულისხმოა, რომ ეპიკური ბრძოლიდან 35 წლის შემდეგ, აჰმად სანჯარმა დავით მეფის შვილიშვილი - რუსუდანი შეირთო ცოლად.

უდიდესი შრომითა და ენთუზიაზმით შექმნილი ჭადრაკი არ არის მხოლოდ ნივთი, რომელსაც შეიძლება ფლობდეთ. ესაა უნიკალური შესაძლებლობა, გახდეთ 900 წლის წინ დატრიალებული გენიალური სანახაობის მონაწილე, რომელიც ისტორიას "ძლევაჲ საკვირველის" სახელით შემორჩა.

მოთამაშის პოზიციის განსასაზღვრად დაგეხმარებათ მონეტა, რომლის ავერსზე გამოსახულია დავით აღმაშენებლის სახელით მოჭრილი მონეტა, რევერსზე კი - სელჩუკთა გერბი.

ქართული მხარის შემადგენლობა:

• მეფე - დავით IV აღმაშენებელი, საქართველოს გამაერთიანებელი მონარქი, რომლის მეფობის დროსაც იღებს დასაბამს „ოქროს ხანად“ წოდებული პერიოდი. დიდი რეფორმატორისა და სტრატეგიული მმართველის გარდა, დავით IV იყო ძლიერი მხედართმთავარი, რომლის მიერ წარმოთქმული სიტყვაც ლაშქარს მხნეობით ავსებდა. ფიგურა შემკულია ძვირფასი ზურმუხტის ქვით, ხმალი და მეფის დგომის პოზიცია კი ძლევამოსილებას გამოხატავს.

• ლაზიერი - დედოფალი გურანდუხტი, დავით აღმაშენებლის მეუღლე და ყივჩაღთა მთავრის ასული, რომელთან ქორწინებაც რეგიონში საქართველოს პოზიციის განმტკიცებას ემსახურებოდა. ძვირფასი ლალის ქვით შემკული ფიგურა ქართული ტრადიციული სამოსის მოტივებიდან იღებს სათავეს.

• მხედარი - დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილი სამეფო გვარდია “მონასპა“. ეს საქართველოს ლაშქრის მთავარი ტაქტიკური ძალა იყო, რადგან საუკეთესოდ გაწვრთნილი და მძიმედ შეიარაღებული რაინდული მხედრობისგან შედგებოდა.

• კუ - ჯვაროსანი ფრანკები. 200 დასავლეთ ევროპელი რაინდი, რომელიც ქართულ არმიას საერთო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად შემოუერთდა. ფიგურის ვიზუალი ჯვაროსანთა რეალურ აღკაზმულობას ეფუძნება.

• ეტლი - ინსპირაციად გამოყენებულია სვანური კოშკი, უნიკალური თავდაცვითი ნაგებობა სვანეთის ისტორიული რეგიონიდან.

• პაიკი - განასახიერებს უნივერსალურ ქართულ ჯარს, სადაც ერთიანდებოდნენ ქართველები, ალანები და ყივჩაღები, დავით მეფის მიერ ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლებული მომთაბარე ტომი. მეომარს უჭირავს ფარი, რომელზეც გამოსახულია ბორჯღალი და ვაზი.

 

თურქ-სელჩუკთა მხარის შემადგენლობა:

• მეფე - აჰმად სანჯარი, სელჩუკთა იმპერიის უკანასკნელი სულთანი, რომლის მოწოდებითაც საქართველოს წინააღმდეგ მუსლიმთა კოალიციური ლაშქარი შეიკრიბა. ფირუზის ქვით შემკული ფიგურა სელჩუკთა კულტურის დამახასიათებელ ელემენტებს ეფუძნება და იმპერიულ სიმტკიცესა და ძლიერებას განასახიერებს.

• ლაზიერი - სპარსული წარმოშობის ასასინი დედოფალი. ისტორიული წყაროების მიხედვით, აჰმად სანჯარს ასასინი მეუღლე არ ჰყოლია, ამიტომაც ეს ფიგურა ზარაფხანას გუნდის კრეატიული შთაგონების საფუძველზე შეიქმნა. ძვირფასი საფირონის ქვით შემკული დედოფლის მოკაზმულობა და შემართება კონტრასტს ჰქმნის გურანდუხტის ასევე ძლევამოსილ, მაგრამ მოკრძალებულ აურასთან.

• მხედარი - ფიგურა სელჩუკთა მხარის შემართებაზე მიანიშნებს. საგულისხმოა, რომ მათი არმია მტრის მორალურად დათრგუნვის მიზნით თავზარდამცემ ყიჟინს იწყებდა, რამაც მეტი დინამიკა შესძინა 1121 წელს დიდგორის ველზე გამართულ საბედისწერო ბრძოლას.

• კუ - განასახიერებს ბრძოლისთვის მზადმყოფ, ძლიერ მეომარს.

• ეტლი - ამ კოშკის ინსპირაციის წყარო სპარსული არქიტექტურა და მისთვის დამახასიათებელი ფორმები და სიმეტრია გახლავთ.

 • პაიკი - მუსლიმთა კოალიციური ლაშქრის ეროვნული მრავალფეროვნების გამო, ვიზუალი სელჩუკური, თურქული და სპარსული მოტივების ერთობლიობით შეიქმნა.

  •  თბილისი და ბათუმი - შეკვეთის გააქტიურებიდან 2-3 სამუშაო დღე
  •  საქართველოს რეგიონები - შეკვეთის გააქტიურებიდან 3-5 სამუშაო დღე 
  •  სხვა ქვეყნები - შეკვეთის გააქტიურებიდან 3-15 სამუშაო დღე

 

შენიშვნა
"ზარაფხანას" ყველა ნაკეთობა უნიკალურია. გაითვალისწინეთ, რომ საიტზე მოცემულია გასაშუალოვებული მახასიათებლები. მზა ნაკეთობის მახასიათებლები შეიძლება განსხვავდებოდეს +/- 20%-ით.

მსგავსი პროდუქცია

სათაო ოფისი

ლუბლიანას ქ. 15, 0159
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ტელ.: (+995 32) 2510001
ფაქსი: (+995 32) 2530044
ელ-ფოსტა: info@zarapxana.ge

 

ჩვენი მაღაზიები